jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ქართველი მეღვინე ქალები ლონდონში საკუთარ პროდუქციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგენენ.
 
ღონისძიება ბრიტანელი ღვინის მაგისტრის სარა ებოტის ორგანიზებით ტარდება. ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლონდონში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იმართება, რომლის ფარგლებშიც, 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები ეცნობიან.
 
ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა ბრიტანულ- ქართული სავაჭრო ჰაბის ორგანიზებით, რომელსაც 70-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დაესწრო; ამასთან ერთად, მეღვინე ქალბატონებმა თავიანთი ღვინის პრეზენტაცია ლონდონში მდებარე ორ სხვადასხვა ღვინის ბარში ჩაატარეს.
 
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი ქართველი მეღვინე ქალების პროდუქცია. ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის, ქართველი ქალი მეღვინეების საქმიანობის ხელშეწყობას, რაც ემსახურება დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით.
229