ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესლაუნჯი და ე.წ. სწრაფი გასასვლელი, Fast Track-ი გაიხსნა.
ბიზნესლაუნჯის პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო პარტნიორთან – „ვიზასთან“ თანამშრომლობით განახორციელა. მგზავრები ბიზნესლაუნჯში გაფრენამდე დროს სასიამოვნოდ გაატარებენ, ასევე, მიიღებენ ყველა შესაბამისი სერვისს.
თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნესლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანს მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია.
VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ. 5 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნესლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნესლაუნჯის მართვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს.
ლაუნჯის გახსნასთან ერთად, ამოქმედდა და თვითმომსახურების (Self-Service) პრინციპით იმუშავებს ე.წ. სწრაფი გასავლელი. Fast Track სივრცე აღჭურვილია Visa POS ტერმინალით, რომლის საშუალებითაც Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ. მგზავრებს, რომლებიც Visa-ს პრემიუმ ბარათს არ ფლობენ, Fast Track-ის შეძენა ადგილზე QR კოდის საშუალებით ან წინასწარ, აეროპორტისა და ავიაკომპანიების ვებგვერდებიდან შეეძლებათ. სერვისის ღირებულება ზრდასრულებისთვის 45 ლარია (15 ევრო), ხოლო 0-6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო იქნება.
Fast Track-ი პრემიუმ სერვისია, რომელიც უსაფრთხოების კონტროლისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლას უზრუნველყოფს და აეროპორტში ლოდინის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ე.წ. სწრაფი გასასვლელი მგზავრებს საშუალებას აძლევს, საერთო რიგების გვერდის ავლით, სპეციალური დერეფნის საშუალებით უფრო სწრაფად გაიარონ აეროპორტში აუცილებელი პროცედურები.