2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათ შორის:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5 პროცენტით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 17.7 პროცენტით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.1 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9 პროცენტით
„2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -4.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.8 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.82 და 0.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24 პროცენტით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.