jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის, მაია მიქაიას განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევისთვის ამ დროისთვის არც ერთი ბიზნესსუბიექტი არ დაჯარიმებულა.
 
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ჯერჯერობით მთელი საქართველოს მასშტაბით სარეკომენდაციო სახის შემოწმებები მიმდინარეობს, თუმცა შემდგომში დარღვევის დაფიქსირებისას გამოყენებული იქნება სანქცია, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი იქნება.
 
„პირველი დეკემბრის რეგულაციებთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია სხვა ზედამხედველ ორგანოებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს. თავდაპირველად ეს არის ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათის ანუ კიდევ ერთხელ ხდება ინფორმაციის მიწოდება დასაქმებულებისთვის, თუ როგორ უნდა აწარმოონ აღნიშნული პროცესი. ძირითადად ამ პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ასეთი ხასიათის შემოწმებები, ჯერ არავინ დაჯარიმებულა. გამოკვეთილი ხარვეზები ჩვენი მხრიდან არ გამოკვეთილა, გამომდინარე იქიდან, რომ სიახლეა, ხდება მისი დანერგვა ობიექტების წარმომადგენლების მიერ და შრომის ინსპექტორებიც ადგილზე უწევენ კონსულტაციას რა როგორ უნდა განახორციელონ.
 
1-ელ დეკემბრამდე შრომის ინსპექცია აქტიურად იყო ჩართული საინფორმაციო კამპანიაში, რაც გულისხმობდა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარმართონ სამუშაო პროცესი, რა ვალდებულებები აქვთ მათ პირველი დეკემბრიდან. ინსპექტორები მიდიან უშუალოდ ადგილზე და კიდევ ერთხელ განუმარტავენ აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს მისი გადმოწერა თუ გამოყენება - ეს არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომ მოვახდინოთ ყველა დამსაქმებლის ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ტელევიზიით პრესით, შეხვედრებით თუ ადგილზე მისვლით ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ აღნიშნულს.
 
თუ შემოწმების დროს დაფიქსირდა, რომ ადგილი აქვს დარღვევას, ამ შემთხვევაში სანქცია არის განსაზღვრული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი იქნება“, - განაცხადა მაია მიქაიამ.
 
ცნობისთვის, საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა.
1106