gorgia
ავერსი ნემო

„ოქროს ბრენდის“ დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი ნათია ჯინჭარაძე 21-წლიანი წარმატების ისტორიაზე, ლიდერობის მნიშვნელობაზე, ქართული ბრენდების ტრანსფორმაციასა და თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, „ოქროს ბრენდი“ დღეს უკვე არა მხოლოდ აღიარების სიმბოლო, არამედ ხარისხისა და ნდობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქართული ბიზნესსივრცისთვის.

- „ოქროს ბრენდი“ უკვე წლებია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ბიზნესდაჯილდოებად რჩება. როგორ ახერხებთ, ერთდროულად მართოთ კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესები და ამავე დროს სცენაზე სრულყოფილი შედეგი წარმოადგინოთ? რას ნიშნავს თქვენთვის ლიდერობა ამ პროექტის ფარგლებში?

- ჩემთვის ეს ორი მდგომარეობა ერთი მთლიანობაა. თითქოს ორკესტრს დირიჟორობდე, სადაც კულისებში ყველა ინსტრუმენტი იდეალურად უნდა იყოს აწყობილი, რომ სცენაზე ჰარმონია მივიღოთ. ჩემი შინაგანი დისციპლინა მაძლევს ძალას, თითოეულ დეტალს სრულყოფილად გავართვა თავი. მიმაჩნია, რომ პროცესები მათემატიკურად ზუსტად გათვლილ რიტმში უნდა ჩასვა, რაც მაყურებლის წინაშე სრულყოფილ შესრულებად წარმოჩინდება.

ლიდერობა ჩემთვის, პირველ რიგში, კრიზისულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების ხელოვნებაა. ეს არის უნარი, დაინახო მთავარი მიზანი მაშინაც კი, როცა გარემო ქაოტურია. როცა გარშემომყოფები ხედავენ, რომ ნებისმიერ გამოწვევას სიმტკიცით ხვდები, ეს მათთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. სწორედ ეს შინაგანი კულტურა და პრინციპულობა ქმნის ნამდვილ ავტორიტეტს.

- ასეთი მასშტაბური პროექტის მართვისას რა არის ყველაზე რთული გამოწვევა და ყოფილა თუ არა მომენტი, როცა დანებებაზე გიფიქრიათ? რა გეხმარებათ სირთულეების გადალახვაში?

- ყველაზე დიდი გამოწვევა იმ მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა, რომელსაც ასეთი მასშტაბის ღონისძიება ითხოვს. ის სრულყოფილება, რაც გარედან ჩანს, სინამდვილეში დაუღალავი შრომის შედეგია. რა თქმა უნდა, რთული მომენტები გარდაუვალია, თუმცა დანებებაზე არასდროს მიფიქრია.

სირთულეები ჩემთვის ყოველთვის იყო არა გაჩერების მიზეზი, არამედ ახალი გზების ძიების შესაძლებლობა. ნებისმიერ კრიზისს აღვიქვამ, როგორც დროებით გამოცდას. ამ ეტაპების გადალახვაში ჩემი შინაგანი დისციპლინა, საქმისადმი რწმენა და გუნდის მხარდაჭერა მეხმარება.

- „ოქროს ბრენდი“ უკვე 21 წელია ბიზნესის მთავარი აღიარებაა. როგორ შეიცვალა ქართული ბრენდების ხედვა და „ხასიათი“ 2005 წლიდან დღემდე?

- ბიზნესის ხასიათი რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე მთავარი აქცენტი მხოლოდ გაყიდვებზე კეთდებოდა, დღეს ბრენდები ემოციურ კავშირსა და ღირებულებებზე ორიენტირდნენ. ქართული კომპანიები გახდნენ უფრო ამბიციურები, დახვეწილები და გააცნობიერეს, რომ ბრენდი მხოლოდ ლოგო არ არის - ეს არის დაპირება, რომელსაც ყოველდღიურად უნდა ასრულებდე.

დღეს ჩვენ სისტემურ, ევროპული ტიპის მენეჯმენტზე გადავედით, რაც „ოქროს ბრენდის“ კვლევებშიც ნათლად აისახება.

- რამდენად მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე ბიზნესისთვის სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და როგორ პასუხობენ კომპანიები ციფრული ეპოქის გამოწვევებს?

- CSR უკვე აღარ არის მხოლოდ „კეთილი ნება“, ეს თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ბრენდი, რომელსაც არ აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, დღევანდელ რეალობაში კონკურენტუნარიანობას კარგავს.

რაც შეეხება ციფრულ ეპოქას, გამჭვირვალობამ ბიზნესი აიძულა, კიდევ უფრო გულწრფელი ყოფილიყო. დღეს შეცდომას ვერ დამალავ. მომხმარებელი უფრო კრიტიკულია, ამიტომ ბრენდებმა, რომლებიც „ოქროს ბრენდს“ ფლობენ, მოახერხეს ხარისხის სტაბილურობის შენარჩუნება და მომხმარებელთან გულწრფელი დიალოგის დამყარება.

- თქვენი დატვირთული პროფესიული გრაფიკის ფონზე, როგორ ახერხებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებას?

- ბალანსის შენარჩუნება სწორ ორგანიზებულობაზე გადის. ჩემი დღე ძალიან ადრე იწყება - ეს დილის სიმშვიდე არის დრო საკუთარ თავთან ჰარმონიისთვის, რაც მთელი დღის ენერგიას მაძლევს.

როცა საქმეში ყველაფერი მოწესრიგებულია, პირად ცხოვრებაშიც გაცილებით მარტივია ბალანსის დაცვა. მთავარია, თითოეულ მომენტში - იქნება ეს სამსახური თუ ოჯახი - ბოლომდე „იყო“ და ისიამოვნო იმით, რასაც აკეთებ.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერულ გზას და როგორ ხედავთ „ოქროს ბრენდის“ მომავალს მომდევნო ათწლეულში?

- ვეტყოდი, რომ იყვნენ გაბედულები. ნუ ეცდებით იყოთ სრულყოფილები სხვების თვალში, ეცადეთ იყოთ საუკეთესო ვერსია საკუთარი თავისთვის. მიჰყევით თქვენს რიტმს, დააფასეთ დეტალები და ყოველთვის შეინარჩუნეთ საწყისი ენთუზიაზმი. სამყარო ყოველთვის პოულობს ადგილს მათთვის, ვინც შეუპოვარია და თავისი საქმე მთელი გულით უყვარს.

რაც შეეხება მომავალს, 10 წლის შემდეგ „ოქროს ბრენდს“ ვხედავ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებულს საერთაშორისო ბიზნეს-სივრცეში. ჩვენ მუდმივად ვხვეწთ მეთოდოლოგიას და ვამატებთ ახალ ნომინაციებს. პროექტი კვლავ იქნება მთავარი ორიენტირი მომხმარებლისთვის და ხარისხის გარანტი ბიზნესისთვის, თუმცა კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური და ინოვაციური ელემენტებით.

82