
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანიის Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამერიკული სადისტრიბუციო კომპანიის, M.S. Walker-ის ნიუ იორკის ოფისში გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიის და HoReCa (სასტუმრო-რესტორანი-კაფე) სექტორის წარმომადგენლები, ფოკუსირებული იყო მათ ინფორმირებაზე ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის, ღვინოებისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ.
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი ათი კომპანიის დასახელების 30 ღვინო.
M.S. Walker-ი წარმოადგენს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 1933 წელს ქალაქ ბოსტონში დაფუძნდა და ამჟამად მისი საქმიანობის არეალი აშშ-ის მრავალ შტატს მოიცავს. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნული კომპანიაში დამატებითი შესაძლებლობაა, რომ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები ქართულ ღვინოს გაეცნონ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.