gorgia
ავერსი legi

დღეს, სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისია სადისტრიბუციო კომპანიებს ხვდება. პროცესის ფარგლებში, გამომძიებლები კომპანიებისგან დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის მონაცემთა ბაზებზე წვდომას ითხოვენ. 

როგორც TV პირველს „გვირილას“ დამფუძნებელმა ლაშა ჩოჩელმა განუცხადა, საგამოძიებო უწყებამ კომპანიას უკვე მიმართა მოთხოვნით, მიეწოდოს სრული ინფორმაცია და დაშვებული იყოს წვდომა შესაბამის ბაზებზე.

მისი თქმით, კომპანია მზად არის, დღესვე გადასცეს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

„ყველაფერზე უნდათ ინფორმაცია, ყველაფერი აინტერესებდათ. ცალ-ცალკე ამოღება ჩვენ თვითონვე გვერჩია, ამიტომ ყველა ინფორმაცია ამოვუწერეთ და დღეს უნდა მივცეთ,“ – აცხადებს ლაშა ჩოჩელი.

მისივე განმარტებით, საცალო ქსელების მარჟა საშუალოდ 19–19.5%-ს შეადგენს, საიდანაც იფარება ყველა ოპერაციული ხარჯი.

"ქსელებს, მაგალითად "გვირილას", სულ აქვს 19-19,5 % მარჟა, საიდანაც ყველაფერს ვიხდით და მე არ ვიცი, ახლა საიდან მოხდება ფასების დაწევა, ამას ვერ ვხვდები. არ არსებობს მაღაზიებმა კარტელური გარიგება გააკეთონ, შეიძლება ძალიან იშვიათ პროდუქტებზე დაემთხვეს ფასები"

მისივე თქმით, საცალო ქსელები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ საკუთარ საფასო პოლიტიკაზე და ფასნამატზე, ხოლო დისტრიბუციის ეტაპზე არსებული ფასების შესახებ ინფორმაცია მათ არ აქვთ.

მე ქსელის სახელით გესაუბრებით. დისტრიბუციას არ ვიცი, რამდენში შემოაქვს ეს პროდუქტი და მერე რამდენში ყიდის. ჩვენ, ქსელებს ჩვენი პოლიტიკა და ფასნამატი გვაქვს",- ამბობს ჩოჩელი.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

88