
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თურქეთის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა.
კერძოდ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, ბატონი ომერ ბოლათის, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ორმხრივი ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
„ფორუმი გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტმა ნაილ ოლფაქმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა კომპანიამ - მათ შორის 150-მდე საქართველოდან და 70-მდე თურქეთიდან - შემდეგი სექტორებიდან: მშენებლობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ფინანსები, გემთმშენებლობა და რესტავრაცია, ტექსტილი, IT სერვისები, ვაჭრობა, ტურიზმი, მედიცინა და ფარმაცია.
ამასთან, ფორუმის ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები, სადაც ქართველმა და თურქმა ბიზნესმენებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, საინვესტიციო ინტერესები და პარტნიორობის განვითარების გზები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.