საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, „საქკაბელის“ პროდუქციით სომხეთის დედაქალაქ ერევანში მულტიფუნქციური ტექნოლოგიური ცენტრის, Dalan Technopark-ის მშენებლობა მიმდინარეობს. Dalan Technopark-ის სამშენებლო ფართობი 154,500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც მას სომხეთში მსგავსი დანიშნულების ყველაზე მასშტაბურ პროექტად აქცევს.
აღნიშნულ პროექტში „საქკაბელის“ მიერ წარმოებული N2XH და N2XH FE 180/E90 დასახელების, ჰალოგენისგან თავისუფალი და ცეცხლმედეგი კაბელები გამოიყენება, რომლებიც ხანძრის შემთხვევაში არ გამოყოფენ ტოქსიკურ აირებს და ნაკლებად აკვამლიანებენ გარემოს.
აღსანიშნავია, რომ „საქკაბელი“ 2010 წლიდან ახორციელებს ექსპორტს სომხეთის ბაზარზე, სადაც მისი პროდუქცია არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტშია ინტეგრირებული.
„ბოლო 16 წლის განმავლობაში, სომხეთის ბაზარზე „საქკაბელის“ პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რაც იმ ძლიერ პარტნიორობებს ეფუძნება, რომელსაც კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით წლების განმავლობაში აყალიბებს. Dalan Technopark-ის მშენებლობაში „საქკაბელის“ პროდუქციის გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მრავალწლიან ნდობას, რომელსაც სომეხი პარტნიორები და დეველოპერები „საქკაბელს“ უცხადებენ. გვეამაყება, საქართველოში წარმოებული საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციით წვლილი შევიტანოთ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და მომავლისკენ ორიენტირებული პროექტის მშენებლობაში“, - განაცხადა „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა, დავით კაპანაძემ.
„Dalan Technopark-ის მშენებლობის პროცესში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა იყო - პროექტირების ეტაპიდან საინჟინრო სისტემების შერჩევამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, თითოეული გამოყენებული მასალა გამოირჩეოდეს სანდოობით, უსაფრთხოებითა და გრძელვადიანი ეფექტიანობით. „საქკაბელის“ პროდუქცია კი ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის საკაბელო სისტემების გამოყენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Dalan Technopark-ის უსაფრთხო და ეფექტიან ოპერირებაში და თანამედროვე ბიზნესგარემოსთვის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს“, - განაცხადა Dalan Technopark-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმენ ტერ-ტაჩატიანმა.
ინფორმაციისთვის: Dalan Technopark-ის მულტიფუნქციური ცენტრი გათვლილია 3,000-ზე მეტ თანამშრომელზე და ყოველდღიურად დაახლოებით 5,000 ვიზიტორზე. ტექნოპარკი აერთიანებს 49,700 კვადრატულ მეტრ A კლასის საოფისე ფართს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას: სპორტულ კომპლექსს, აუზსა და სპა ზონას, რესტორნებს, კომერციულ სივრცეებს, სასტუმროსა და ავტოსადგომებს.