gorgia
ავერსი legi

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარალელურად, სადისტრიბუციო და სარეალიზაციო კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა.

„გიდასტურებთ, რომ შესაბამისი განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება“ - განუცხადეს BM.GE-ის საგამოძიებო სამსახურში.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

პარალელურად, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

2026 წლის 20 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში "ფასების სამთავრობო კომისიის" პირველი სხდომა გაიმართა, რომელზედაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ კერძო სექტორთან აქტიური მუშაობა დაიგეგმა. 21 იანვარს კი "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დასრულების შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორის ფასების შემცირების შესახებ სახელმწიფოს ხედვას იზიარებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ამასთან, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზეც. სამთავრობო კომისიის საქმიანობის შედეგები კი საზოგადოებისთვის ცნობილი აპრილის ბოლომდე გახდება.

რითეილ ასოციაციის განცხადებით, გაერთიანების ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.

109