gorgia
ავერსი legi

თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 822-მდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინის ფასი და კვადრატულზე 1 398 დოლარი შეადგინა, გაძვირებულია ქირაც და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 10.1 დოლარი ღირს. 

2025 წლის თებერვალთან შედარებით გასაყიდი ბინის კვადრატულის ფასი 6%-ით, ხოლო ქირა 5%-ით არის გაძვირებული.

Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული მიმოხილვის მიხედვით, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება წერია, რომ 2026 წლის თებერვალში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა და გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ეს წლის დასაწყისში ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს და 2025 წლის მეორე ნახევრის დინამიკის გაგრძელებას ასახავს. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა ზედიზედ მე-5 თვეა მცირდება, რაც წინა პერიოდებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ძლიერი მოთხოვნისა და ნებართვების შემცირების ფონზე, თებერვალში ფასების ზრდა დაჩქარებული ტემპით გაგრძელდა.

შედეგად თებერვალში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 822 შეადგინა, აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 19%-ით გაიზარდა და 1 864 შეადგინა;
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 11%-ით გაიზარდა და 1 958 შეადგინა.

"ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის თებერვალში გაყიდვები მნიშვნელოვნად, წლიურად 26.6%-ით გაიზარდა (ჯამურად 2026 წლის 2 თვეში +24% წ/წ). ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული. 2026 წლის ორ თვეში თბილისში სულ 6 786 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 595 მლნ დოლარი შეადგინა (+16.7% წ/წ)", - წერია მიმოხილვაში.

თებერვალში ნებართვა გაიცა 10 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა ფართმა 60 283 კვ.მ შეადგინა (-45% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეხუთე თვეა წლიურად მცირდება. ჯამურად, 2026 წლის 2 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წინა წელთან შედარებით განახევრებულია.

რაც შეეხება ქირას, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (-1.8% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.6%. უბნების მიხედვით, გაყიდული ბინების რაოდენობით დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორი ლიდერობენ.

207