თხევადი აირის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში 3.679 მლნ აშშ დოლარის გათხევადებული პროპანი შემოვიდა, რაც გასულ წლების იგივე პერიოდთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან ქვეყნდება) მაქსიმალური მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ-თებერვალში თხევადი აირის იმპორტმა 1.805 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წლის 2 თვეში - 1.779 მლნ აშშ დოლარი, 2023 წლის იგივე პერიოდში - 1.08 მლნ აშშ დოლარის, 2022 წლის იანვარ-თებერვალში - 1.442 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.
რაც შეეხება საიმპორტო ფასს, წელს იანვარ-თებერვალში შემოვიდა 7 710 ტონა თხევადი აირი, შესაბამისად, 1 ლიტრის საშუალო ღირებულება 47 ცენტია.
იგივე დათვლით, გასული წლის საანგარიშო პერიოდში შემოვიდა 4 606 ტონა გათხევადებული პროპანი, 1 ლიტრის ღირებულება კი 39 ცენტი იყო.
შენიშვნა: ღირებულება დათვლილია საშუალო მაჩვენებლით, არ არის გათვალისწინებული გადასახადები.
აღსანიშნავია, რომ წელსაც გათხევადებული აირის თითქმის 100% რუსეთიდან შემოვიდა, უმნიშვნელო მოცულობის, დაახლოებით 300 დოლარის ღირებულების კი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის შედეგად, თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური ექსპორტი ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა.
როგორც Bloomberg-ი, გემებზე თვალთვალის Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, LNG-ის გადაზიდვების 10-დღიანი საშუალო მაჩვენებელი თვის დასაწყისიდან, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა და 1.1 მლნ ტონას მიაღწია. ეს სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა.
მიწოდების შემცირება, ძირითადად, კატარით და, ნაკლებად, არაბთა გაერთიანებული საემიროებით არის განპირობებული. ორივე ქვეყანას აზიისა და ევროპის მიწოდების უზრუნველსაყოფად საწვავის გადაზიდვა ჰორმუზის სრუტის გავლით სჭირდება.