janmedi
ავერსი ნემო

ველით, რომ ბიზნესი აქტიური იქნება და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე თავად დააყენებს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, — ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

„წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი არ გვაქვს. სწორედ ამით არის ეს შეხვედრა გამორჩეული — ჩვენთვის მთავარია, შედგეს დიალოგი. ველით, რომ ბიზნესი აქტიური იქნება და თავად წამოჭრის მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

მთავარი ის არის, რომ შეხვედრაზე, ერთი მხრივ, წარვადგენთ ბიზნესინდექსს, რომელზეც თქვენთან სტუდიაში არაერთხელ გვისაუბრია, და გავეცნობით მესამე კვარტლის შედეგებს. სხვათა შორის, მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, რაც ქვეყანაში ინვესტიციების არსებობის კარგი ნიშანია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხელის შემშლელი ფაქტორების მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით დაახლოებით ათი პუნქტით შემცირდა, კომპანიების დაახლოებით 50% კვლავ საუბრობს გარკვეულ დაბრკოლებებზე. მანამდე ეს მაჩვენებელი, პირობითად, 60%-მდე იყო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე კვალიფიციური სამუშაო ძალისა და კადრების ნაკლებობაა, მეორე ადგილზე კი — ადმინისტრაციული პრობლემები, რეგულაციები და სხვა საკითხები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ფორმატი: პრემიერ-მინისტრი უშუალოდ დაჯდება ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია ექნება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე პანელიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. აქაც გვექნება შესაძლებლობა, სექტორებისა და მიმართულებების მიხედვით, საქართველოს მთავრობასთან ღია და უშუალო დიალოგი წარვმართოთ.

მსგავსი დიალოგი ჩვენთვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, ასეთი ფორუმები თავად მთავრობისთვისაც მნიშვნელოვანია — მას შესაძლებლობა აქვს, კიდევ ერთხელ მოისმინოს ბიზნესის პოზიცია, გაიაზროს საჭირო რეფორმები და ცვლილებები და, თუ რაიმე დასაკორექტირებელია, ამაზე ბიზნესთან ერთად იმუშაოს. მთავარი მიზანი მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ეს, ერთი მხრივ, ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს ნიშნავს, მეორე მხრივ კი — კომპანიებისთვის მეტი შემოსავლის გენერირებას. ეს ქვეყნის, ბიზნესისა და მოსახლეობის საერთო ინტერესია და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა გვჭირდება.

დღის წესრიგს შეგნებულად არ ვადგენთ წინასწარ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პრობლემები თავად კომპანიებმა დააყენონ — სექტორებისა და მიმართულებების მიხედვით. არ გვინდა საკითხების ჩარჩოებში მოქცევა და წინასწარ განსაზღვრული გზავნილების მომზადება. კარგია, რომ მთავრობა ამ ფორმატში მონაწილეობას თანხმდება და მზად არის უშუალო დიალოგისთვის.

ეს იქნება შეხვედრა წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგის გარეშე, სადაც კომპანიებს საკუთარი საკითხების წამოჭრის შესაძლებლობა ექნებათ. მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები — პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მათი მოადგილეები — ადგილზე იქნებიან, რათა კონკრეტულ კითხვებს პასუხები გასცენ და, საჭიროების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების პროცესი ბიზნესთან ერთად დაიწყონ“, — განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

93