
შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა გულშემატკივრებისთვის შოუს ყურების ახალი ინოვაციების დანერგვის მიზნით კომპანია Meta-სთან მულტიმილიონიანი კონტრაქტი შეათანხმა. ინფორმაციას თავად UFC-ის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
მთავარი ტექ ინოვაცია, რომელსაც მხარეები გულშემატკივარს ჰპირდებიან ე.წ. “გულშემატკივრის ტექნოლოგიაა”, რომელიც ღონისძიებისთვის თვალის მიდევნების ახალ გამოცდილებას დანერგავს.
ამ პარტნიორობით MMA-ის მაყურებელი შეძლებს თავიანთ საყვარელ მებრძოლებთან განსხვავებული მეთოდით ინტერაქციას. ამისათვის საბრძოლო ორგანიზაცია უფრო მეტი ჩართულობით Meta-ს ისეთ აპლიკაციებს გამოიყენებს, როგორებიც Facebook, Instagram, WhatsApp და Threads-ია. მაგრამ გარდა ამისა დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, როგორებიცაა Meta AI, ვირტუალური რეალობის სათვალეები, Meta Quest და ა.შ.
“წლების განმავლობაში უამრავი მაგარი პარტნიორი მყოლია, რომლებმაც ორგანიზაციის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი, თუმცა ცუკერბერგი და Meta ისეთ რამეებს გვპირდებიან UFC-ის გულშემატკივრებს გონებას დააკარგვინებენ. კომპანიას ტექნოლოგიებში ყველაზე გენიალური თანამშრომლები ჰყავს და გულშემატკივართა ჩართულობას ისინი სულ სხვა დონეზე გადაიყვანენ. მომდევნო რამდენიმე წელი ამ სპორტის გულშემატკივრებისთვის ინოვაციებით სავსე იქნება და თვალი მეტი ყურადღებით გვადევნეთ”, - განაცხადა დანა უაითმა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ დანა უაითი მებრძოლების რანკირების სისტემის მინდობას მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე გეგმავს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც P4P რეიტინგში პირველ პოზიციაზე ჯონ ჯონსის განთავსების შემდეგ უაითმა გულშემატკივრებისა და ექსპერტების კრიტიკა მიიღო, რადგან მათი აზრით პირველ ადგილს ისლამ მახაჩევი იმსახურებდა.
შეგახსენებთ, რომ დანა უაითი გასულ წელს Meta-ს გუნდის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, რის სანაცვლოდაც ყოველთვიურად 50 000 დოლარიანი ხელფასიც დაენიშნა.