jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ – გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მასპინძლობდა.

სტუმრებმა „ფროსინონე“ ანგარიშით - 1:3 დამარცხეს.

ცნობილი იყო, რომ კვარაცხელია პირველ ტურს გამოტოვებდა, რადგან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კუნთის პრობლემა შეექმნა. კვერნაძე კი „ფროსინონეს“ განაცხადში იყო და მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

„ფროსინონემ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-7 წუთზე მაროკოელი აბდუ ჰარუის უნაკლოდ შეასრულებული პენალტით დაწინაურდა. თუმცა იტალიის ჩემპიონმა მალე ტაქტიკა შეცვალა და 24-ე წუთზე მატეო პოლიტანოს გოლით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 42-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში სწრაფი კონტრშეტევა კვლავ ვიქტორ ოსიმენმა დააგვირგვინა და თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე სტუმრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „ნაპოლიმ“ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
324