jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ხელოვნური ინტელექტი ფორმულა 1-ის სამყაროშიც შედის. როგორც „რედ ბულის“ მთავარმა დიზაინერმა, კრეიგ სკინერმა Talking Bulls-ის პოდკასტში განაცხადა, ავსტრიული გუნდი სამომავლოდ ბოლიდის განსავითარებლად მის გამოყენებას აპირებს.

სკინერის თქმით, „რედ ბულში“ უკვე ატარებენ ცდებს, თუ როგორ მოერგება ხელოვნური ინტელექტის სისტემა მათ სფეროს. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ სისტემამ აღმოაჩინოს გზა, რომელიც ბოლიდის აჩქარებას შეუწყობს ხელს.

„პრობლემის პოვნის კუთხით ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენმა ინჟინრებმა სისტემას უნდა აუხსნან, რა განაპირობებს მანქანის სისწრაფეს და როგორ უნდა დაიხვეწოს მისი სხვადასხვა კომპონენტი.

ინტელექტის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ინჟინერთა გუნდმა უნდა დაადგინოს გზა, რომელიც ბოლიდს უფრო სწრაფს გახდის“, – განაცხადა სკინერმა.

ცნობისთვის, ამჟამად „რედ ბული“ ბრიტანელი ინჟინერის, ადრიან ნიუის ფილოსოფიას ეყრდნობა თავისი ბოლიდის განვითარების კუთხით. ავსტრიული გუნდი ფორმულა 1-ში ამ მომენტისთვის უკონკურენტოა. 2023 წელს ჩატარებული ყველა რბოლა „ხარების“ პილოტებმა მოიგეს. ჩემპიონატს 281 ქულით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი სერხიო პერესია, რომელსაც 171 ქულა აქვს.

 

ავტორი
სანდრო ჭითანავა
268