jan-medi
ავერსი გოლდენ ბრენდი

ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება დადებითად აისახება როგორც გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ენერგოეფექტური შენობა დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას და მისი გათბობისა თუ გაგრილებისთვის დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლები ენერგია იხარჯება. შესაბამისად, ზამთარში გათბობასთან და ზაფხულში გაგრილებასთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ პრეზენტაცია გამართა ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების შესახებ, რომლის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ბიზნესის შეკითხვებს ასევე უპასუხეს თბილისის მერიის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-intec-ისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა.

„2023 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს. დეკლარაციის წარმოებას პროექტის ავტორები ონლაინპლატფორმის მეშვეობით შეძლებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ატარებს ტრენინგებს მშენებლობის დამპროექტებლებისთვის, რათა მათ დეკლარაციის წარმოება გაუმარტივდეთ. ტრენინგის ფარგლებში უკვე გადამზადდა 300 არქიტექტორამდე, უახლოეს მომავალში კი აღნიშნულ ტრენინგს, ჯამში, 3,500-მდე სპეციალისტი გაივლის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-intec-თან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ენერგეტიკული კანონმდებლობის შემუშავებას განახლებადი ენერგიების, ენერგეტიკული ბაზრისა და ენერგოეფექტურობის კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

443