gorgia
ავერსი legi

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20.831 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან ექსპორტი 5.836 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 6.8%-ით), ხოლო იმპორტი 14.996 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 9.3 %-ით).

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, 9.160 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.

„2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1.233 მლრდ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (743.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (608.3 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (2.271 მლრდ. აშშ დოლარი), თურქეთი (2.265 მლრდ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1.620 მლრდ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2.536 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (2.343 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (2.145 მლრდ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2.287 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 39.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 291.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 230.1 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3.152 მლრდ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.098 მლრდ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 559.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი),“ - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

57