janmedi
ავერსი ნემო

2026 წლის 6 თვეში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის 1 749 952 ვიდეოჯარიმა გამოიწერა, აქედან 927 189 პირველ კვარტალში, 822 760 კი აპრილი-ივნისის პერიოდში. ამაზე მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკა.

საქართველოში ვიდეოჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო იწერება, მათ შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (კამერები ავტომატურად ამოწმებენ ბაზაში, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება), შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, „ბასლაინში“ ავტომობილით მოძრაობაზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორის სიჩქარის ლიმიტის დარღვევა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობით ყოველწლიურად ლიდერობს. მაგალითად, წელს 3 თვეში 15კმ-საათზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე თითქმის 531 ათასი ჯარიმა გამოიწერა. ეს კი გამოწერილი ვიდეოჯარიმების 57%-ზე მეტია.

რაც შეეხება კონკრეტულად რეგიონებს, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დედაქალაქშია გამოწერილი, მას მოსდევს იმერეთი, სამეულშია აჭარა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვიდეოჯარიმა გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს რეგიონების მიხედვით:

თბილისი - 802 556
იმერეთი - 298 975
აჭარა - 223 749
შიდა ქართლი - 103 835
ქვემო ქართლი - 91 872
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72 402
გურია - 59 393
კახეთი - 39 227
სამცხე-ჯავახეთი - 35 576
მცხეთა-მთიანეთი - 22 152
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 215
ამავე საანგარიშო პერიოდში, ვიდეოჯარიმებზე დარიცხული თანხის მოცულობამ 129 570 220 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვას.

ზოგადად საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად საშუალოდ, 3.3 მილიონი ვიდეოჯარიმა იწერება.

58