აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა.
ამასთან, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდული დარჩა. ADB-მა ასევე გაზარდა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 4.9%-დან 5.2%-მდე. პროგნოზის გადახედვა გლობალურ ბაზრებზე ენერგორესურსების გაძვირებამ განაპირობა, რამაც ქვეყანაში ინფლაციური ზეწოლა გააძლიერა.
„საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების სექტორის, მოხმარებისა და ექსპორტის ძლიერმა ზრდამ. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო და რეგიონული გავლენები შეზღუდული რჩება, 2026 წლის ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაიზარდა, ხოლო 2027 წლის პროგნოზი უცვლელად 5.2%-ზე დარჩა“, – აღნიშნულია ანგარიშში.