golden brand
ავერსი ნემო

6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება - ამის შესახებ შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა მიაღწიეს.

ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის დრო შეწყდა. გასული წლის მარტში, თბილისი-ბაქოს მიმართულებით სარკინიგზო რეისების განახლებაზე განცხადება, დუბაიში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მაშინ პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მანამდე, თებერვლის შუა რიცხვებში აზერბაიჯანული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შესაძლოა, მაისში განახლებულიყო. მგზავრთა გადასაყვანად კი შვეიცარიული კომპანია Stadler-ის მატარებლები სახელდებოდა.

უკვე გასული წლის აპრილში თბილისის ცენტრალურ სადგურში „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ჩქაროსნული მატარებელი გამოჩნდა, რისი ამსახველი ფოტოებიც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებში, 26 ან 28 მაისს განახლდებოდა.

დღეს კი ირკვევა, რომ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისიდან განახლდება.

96