
საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი, თავისუფალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქართველი ერი, მუდამ იყო მისი ღირებულებების ერთგული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსიტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა.
„ამ ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებთანაც კი სრულ შესაბამისობაში იყო. 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსიტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა. დამოუკიდებლობა, ძვირფასო მეგობრებო, ასეთი მომავლის შენების აუცილებელი და ფუნდამენტური პირობაა“ , – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის.
„მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობასა და განვითარებას. დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
დღეს საქართველო ევროპისაგან ელოდება ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“– განაცხადა პრემიერმა.