
ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.
მისივე თქმით, თითოეული ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწარაფვის, პირველ რიგში საკუთარ ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ნახეთ, ჩვენ როგორ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვიმყოფებით - ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც მძლავრი ენერგორესურსები გააჩნია, მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ენერგორესურსებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. იმ ადამიანებმა, რომლებიც აპროტესტებენ, კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულიტიმატუმებით გარჩევა. ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, შეთავაზება სხვადასხვა ფორმატების გამოყენების, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იგივე ენერგოუსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტის მოპატიჟებით და მათი ჩართულობით", - განაცხადა ზალკალიანმა.