gorgia
ავერსი legi

 ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკნომიკური ბლოკის მინისტრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაში თემაზე – „ვაჭრობა, ინვესტირება და მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.


პანელური დისკუსიის ფარგლებში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, მომავალი წელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებით დატვირთული იქნება და მოიცავს საგზაო, წყალმომარაგების, ურბანული, სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებებს.


რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბურ პროექტებზე და აღნიშნა, რომ მათი დასრულების შედეგად რეგიონებს შორის მგზავრობის დრო განახევრდება, ხოლო სატრანსპორტო მოძრაობის ინტენსივობა დაახლოებით 170 პროცენტით გაიზრდება.


სამუშაო სესიის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა წყალმომარაგების სფეროში დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებზეც. მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში დიდ ქალაქებში 24-საათიანი წყალმომარაგების პრობლემა სრულად მოგვარდება. პარალელურად იგეგმება რეგიონებში წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების სისტემების მოწესრიგება.


რევაზ სოხაძის თქმით, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბარი წვდომა სერვისებზე, რისთისაც ყველა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მულტიფუნქციური სპორტულ-კულტურული კომპლექსების მშენებლობა.


საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ახლახანს გადაეცა სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფუნქცია და ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია. არაერთ მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში დახურული სკოლები მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა. პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტრომ შეიმუშავა ახალი სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა ზომის სკოლებისთვის ტიპიური პროექტების შექმნასა და მათი დაჩქარებული ტემპით განხორციელებას ითვალისწინებს.


მინისტრმა ასევე ისაუბრა ორი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტებზე. მან ყურადღება გაამახვილა ურბანული განახლების მნიშვნელობაზე და დაანონსა განახლებული და ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ჯამურად 30 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე.


რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლომდე არ არის ათვისებული ქვეყნის საზღვაო სანაპიროს პოტენციალი და ამ მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოები მალთაყვისა და განმუხურის სანაპიროების განვითარებას მოიცავს.


სამუშაო სესიის დასასრულს მინისტრმა დამსწრეების შეკითხვებს უპასუხა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

94