janmedi
ავერსი ნემო

გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, დანია და საბერძნეთი რუანდაში ცენტრის შექმნას იმ მიგრანტებისთვის გეგმავენ, რომლებსაც ევროკავშირში ყოფნაზე უარი ეთქვათ. ამის შესახებ The Guardian წერს.

პირველი დეპორტაციები შესაძლოა, 2027 წელს დაიწყოს. ხუთმა ქვეყანამ დეპორტაციის ცენტრების (Return Hubs) შესახებ რუანდასთან მოლაპარაკებები 16 ნოემბერს გამოაცხადა. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ისინი იმედოვნებენ, შეამცირონ არალეგალური მიგრაცია, ასევე, მიგრანტების გადამყვანები შემოსავლის გარეშე დატოვონ და ევროპის სახელმწიფოებს ტვირთი შეუმსუბუქონ.

რუანდის მიგრანტთა ცენტრში გაიგზავნება ის უცხოელები, რომლებსაც თავშესაფრის მოთხოვნაზე საბოლოოდ უარი ეთქვათ ან ევროკავშირში დარჩენის უფლება არ აქვთ. ჯერ უცნობია, თუ რამდენი ადამიანის გაგზავნა იგეგმება, თუმცა ეს „მასობრივ ბანაკები“ არ იქნება და, პირიქით, ინტეგრირებული მიდგომა არის გათვალისწინებული.

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, საწყისი ფაზა მარტოხელა მამაკაცებზე იქნება ორიენტირებული. დეპორტირებულები ცენტრში რამდენიმე თვეს გაატარებენ, რის შემდეგაც ისინი რუანდაში დარჩენას ან სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. ასეთ პირებს ამ აფრიკული ქვეყნის ხელისუფლება რეზიდენტობის ნებართვას, ასევე, დასაქმებაში, განათლებასა და ჯანდაცვაში დახმარებას ჰპირდება. მიგრანტთა ცენტრში ადამიანების ხანგრძლივი დაკავება გათვალისწინებული არ არის. ხარჯს ევროპული სახელმწიფოები დაფარავენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ასეთი ცენტრები ევროკავშირს იმ შემთხვევების დროს დაეხმარება, როცა მიგრანტების წარმოშობის ქვეყნები თავიანთი მოქალაქეების უკან მიღებაზე უარს ამბობენ. ამასთან, უწყება აცხადებს, რომ ეს გეგმა გერმანიის კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით განხორციელდება. ასეთი ცენტრების შექმნა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა რუანდასთან მოლაპარაკებები ყველაზე წარმატებულია.

მანამდე მსგავსი სქემის ამოქმედება დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც სცადა. ლონდონმა მიაღწია კიდეც რუანდასთან შეთანხმებას თავშესაფრის მაძიებლების მიღების შესახებ, მაგრამ სასამართლო პროცესებისა და 2024 წელს ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტიის მოსვლის შემდეგ პროგრამა გაუქმდა. ასევე, იტალიამ მიგრანტთა ცენტრები ალბანეთში გახსნა, მაგრამ მათ ფუნქციონირებას იურიდიული დაბრკოლებები შეექმნა. ამასთან, წლევანდელ ზაფხულს მსგავსი ცენტრების შესაძლო ქვეყნებად უზბეკეთს, უგანდასა და ყაზახეთსაც მოიხსენიებდნენ.

გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერ რუანდაში დეპორტაციის ცენტრების შექმნის გეგმის შესახებ პირველად ინფორმაცია Agence France-Presse-მა (AFP) გაავრცელა. სააგენტო წერდა, რომ რუანდა ევროკავშირის მიგრაციის ახალი სტრატეგიის რეალიზებისთვის პირველ პოტენციურ პარტნიორად განიხილებოდა. იმედოვნებდნენ, რომ ასეთი ცენტრები ევროპაში ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის მქონე პირების დაბრუნების დაჩქარებას ხელს შეუწყობს.

ასევე, გაზეთი, Die Welt-მა წერდა, რომ რამდენიმე ქვეყანა მსგავსი ცენტრების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მესამე ქვეყნებში ფუნქციონირების შესახებ მოლაპარაკებებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ეწეოდა. IOM-ის წარმომადგენელმა დისკუსიები დაადასტურა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია სახელმწიფოთაშორისი დეპორტაციის შესახებ შეთანხმების მხარე არ არის და მისი საქმიანობა, პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, მიგრანტების მხარდაჭერაა.

რაც შეეხება რუანდას, ის მიგრაციის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მანამდეც თანამშრომლობდა. კერძოდ, ქვეყანაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ცენტრები მოქმედებს, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები მესამე ქვეყნებში, მათ შორის, კანადასა და გერმანიაში მიღებას ელოდებიან.

Return Hubs-ის შექმნის ინიციატივას ხუთმა ქვეყანამ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში დაუჭირა მხარი. ისინი აცხადებდნენ, რომ წლის ბოლომდე მესამე ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას მოელიან, რის შედეგადაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაკავების ცენტრები შეიქმნებოდა, ხოლო მიგრანტები იქ 2027 წლიდან გაიგზავნებოდა.

პროექტის მონაწილეები თვლიან, რომ ახალი სქემა საერთაშორისო სამართალს შეესაბამება.

51