გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2026 წელს გლობალური ეკონომიკის 2.7%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც მცირედით ნაკლებია იქამდე პროგნოზირებულ 2.8%-იან მაჩვენებელზე.
8 იანვრის „მსოფლიო ეკონომიკური სიტუაციისა და პერსპექტივების“ ანგარიშის თანახმად, გაერო 2027 წელს გლობალური ეკონომიკის 2.9%-მდე ზრდას მოელის, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელთან (3.2%) შედარებით, კვლავ დაბალი ნიშნულია.
„2025 წლის განმავლობაში აშშ-ის ტარიფების მკვეთრი ზრდის მიმართ მოულოდნელმა მდგრადობამ, რომელსაც მხარს უჭერდა მყარი სამომხმარებლო დანახარჯები და ინფლაციის კლება, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება განაპირობა. თუმცა, ფუნდამენტური სისუსტეები კვლავ რჩება. ინვესტიციების დაბალი დონე და შეზღუდული ფისკალური სივრცე ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს, რაც ზრდის რისკს, რომ გლობალური ეკონომიკა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მუდმივად უფრო ნელ ზრდის ტრაექტორიაზე შენარჩუნდეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სავაჭრო დაძაბულობის ნაწილობრივმა შემცირებამ საერთაშორისო ვაჭრობაში სერიოზული შეფერხებები თავიდან აიცილა. თუმცა, გაზრდილი ტარიფების ეფექტი და ეკონომიკური გაურკვევლობა 2026 წელს უკეთ გამოჩნდება.
ამასთანავე, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და ბაზრებზე პოზიტიური მოლოდინების ფონზე, ფინანსური პირობები გაუმჯობესდა, თუმცა რისკები მაინც მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას უკავშირდება და სადაც ფასები მკვეთრად არის გაზრდილი.
„ვალის მაღალი დონე და სესხებზე მაღალი პროცენტები სახელმწიფოებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიონ, რაც განსაკუთრებით მწვავე პრობლემად დგას განვითარებად ქვეყნებში“, - ვკითხულობთ გაეროს ანგარიშში.