gorgia
ავერსი legi

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. კერძოდ, სააგენტო 8 მაისს დადგენილი ღვინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის 2 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. 

„სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია ღვინის ეროვნული დღის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, ქ. თბილისში, თემატური ღონისძიებების და ფესტივალის ორგანიზება”, - წერია შესყიდვის დოკუმენტაციაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი, დაგეგმილი აქტივობების მიზანია ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენა. ღვინის დღე იქნება ერთგვარი პლატფორმა და გააერთიანებს მევენახე-მეღვინეებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ტურიზმის სექტორს, აკადემიურ წრეებსა და ფართო საზოგადოებას.

შესყიდვის დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილი ღინისძიებებისათვის საჭიროა შემდეგი სახის სავარაუდო მომსახურების შესყიდვა:
1. ქართული ღვინის ფესტივალის ორგანიზება სხვადასხვა ლოკაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით;
2. საფესტივალო დახლები/კარვები ღვინის მწარმოებელი კომპანიების განთავსების მიზნით;
3. ფესტივალთან დაკავშირებით ბეჭდური მომსახურება: ბანერები; სანიშნეები; პოსტერები და ა.შ.;
4. ე.წ. აუთდორ კამპანია-ბრენდირებული ბანერების და სარეკლამო მასალების განთავსება სხვადასხვა ლოკაციაზე;
5. ციფრული ვიზუალური კამპანია სოც ქსელებში;
6. თემატური წარმოდგენები და მუსიკალური გაფორმება საჭიროებისამებრ;
7. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებში და სხვ. აუდიო/ვიზუალური აქტივობები;
8. ფესტივალის პერიოდში სივრცეების სცენით უზრუნველყოფა (შესაბამისი აპარატურით);
9. საფესტივალო ნაწილის პარალელურად სამეცნიერო და საკონფერენციო ნაწილის სრული ორგანიზება, რაც მოიცავს ფართის მოძიება-ქირავნობას, კონფერენციებისთვის საჭირო აპარატურითა და აღჭურვილობებით;
საერთაშორისო სპიკერების ანაზღაურება და ერთდღიანი კონფერენციის ჩატარებისთვის საჭირო ყველა ხარჯს.

"ზემოაღნიშნული შესყიდვების მოცულობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. იგი დადგინდება კონცეფციისა და ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაში მონაწილეობის შესაბამისად", -აღნიშნულია განმარტებაში.

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება უკავშირდება სააგენტოსა და შპს „გალილეო სტრატეჯი“-ს შორის 2026 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოსადგენ „ღვინის ეროვნული დღის“ კონცეფციას, რომლის მოწოდების ვადა არის 2026 წლის 5 მარტის ჩათვლით. სააგენტოს განცხადებით, სწორედ ამ კონცეფციამ უნდა განსაზღვროს ჩასატარებელი სამუშაოების ხასიათი და სირთულე.

“წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისად, სააგენტოს მიერ დაიგეგმება აღნიშნული კონცეფციით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვისათვის ბაზარზე არსებული მდგომარეობის დადგენის მიზნით ბაზრის კვლევის განხორციელება. ღონისძიების მასშტაბურობის, სირთულისა და მაღალი სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე (დაახლოებით 2 მლნ. ლარი) ბაზრის კვლევის ვადა მიზანშეწონილია შეადგენდეს არანაკლებ 10 სამუშაო დღეს.

ღონისძიების ჩატარების თარიღამდე დარჩენილი დროის რესურსი არ არის საკმარისი მიმწოდებლის, ტენდერის პროცედურების საშუალებით გამოსავლენად. უკეთეს შემთხვევაში, წარმატებით დასრულებულმა ტენდერის პროცედურებმა შესაძლოა მოიცვას, როგორც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტების, ასევე შესაძლო დისკვალიფიკაციის ეტაპებიც, რაც დამატებით დროს საჭიროებს და აუცილებლად გასათვალისწინებელია. შესაბამისად, გამარჯვებულ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების თარიღიდან ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი პერიოდი არ იძლევა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებითა და შეზღუდულ ვადებში ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაძლო შეფერხებით ჩატარების ან/და ჩაშლის თავიდან ასაცილებლად, დღის წესრიგში დადგა ღონისძიებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების საკითხი”, - წერია სააგენტოს განმარტებაში.

ცნობისთვის, 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე გამოცხადდა.

 

წყარო: BMG

137