
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
ჩეხეთი - 43 მლნ აშშ დოლარი
აშშ - 39.6 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი - 28.1 მლნ აშშ დოლარი
ვირჯინიის კუნძულები (ბრიტანეთი) - 25.4 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი - 25 მლნ აშშ დოლარი
მარშალის კუნძულები - 24.1 მლნ აშშ დოლარი
ნიდერლანდები - 22.4 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი - 19.2 მლნ აშშ დოლარი
ისრაელი - 12.9 მლნ აშშ დოლარი
მალტა - 12.4 მლნ აშშ დოლარი
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი - 52.3 მლნ აშშ დოლარით (29.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ აშშ დოლარით (15.3 პროცენტი). ხუთეულში შედის მშენებლობა - 20.5 მლნ აშშ დოლარი და ტრანსპორტი - 18. 3 მლნ აშშ დოლარი.