
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში “პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
თავის გამოსვლაში, ნათია თურნავამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ხაზი გაუსვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში პროგრამის დადებით შედეგებს. მინისტრის თქმით, ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.5 პროცენტით, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5.1 პროცენტით გაიზრდება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციისკენ, ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ინკლუზიურ ხელმისაწვდომობისკენ, მწარმოებლურობის ზრდისა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებისკენ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მობილიზებისკენ არის მიმართული.
„პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის. სწორედ რეფორმების გამო, საქართველოს სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული ავტორიტეტულ რეიტინგებსა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომლებსაც პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული ზიანი მიაყენა.