ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 814.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 %-ით მეტია.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43% ქალი იყო, ხოლო 57% - კაცი.
„დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.1% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.9% - საშუალოზე, ხოლო 38% - მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 758 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 624 900 000 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1%-ით მეტი).
2025 წლის მე-3 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 420.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 230.8 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა 1 846.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 144.5 ლარით),“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის მე-3 კვარტალში, შემდეგნაირი იყო:
მსხვილი ბიზნესი – 2 498.3 ლარი;
საშუალო ბიზნესი – 2 801.6 ლარი;
მცირე ბიზნესი – 2 072.5 ლარი.
„2025 წლის მე-3 კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.1%, 11.3% და 9.2 %-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.5%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 %), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4%) დარგებზეც,“- აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.