
მაისში დაფიქსირებული 3.5%-ის შემდეგ, ივნისში წლიური ინფლაცია 4%-მდე დაჩქარდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.
„2025 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 4.0%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 3.5%-ის შემდეგ. ივნისის ინფლაციის ზრდა ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის წლიურმა 5.2%-იანმა ზრდამ (+4.9% წ/წ წინა თვეში), რომელსაც მოჰყვება შერეული საქონლის ფასების წლიური 7.2%-იანი ზრდა (+5.8% წ/წ წინა თვეში).
საპირისპიროდ, წინა თვის მსგავსად, იმპორტირებული საქონლის ფასების წლიურად 2.0%-მა შემცირებამ, გარკვეულწილად, გაანეიტრალა დამატებითი ზეწოლა ფასების საერთო დონეზე. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2025 წლის ივნისში 2.2%-მდე გაიზარდა (+2.0% წ/წ წინა თვეში).
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის ივნისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+10.1% წ/წ, +3.34პპ);
ჯანდაცვა (+9.4% წ/წ, +0.79პპ);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.6%, +0.30პპ);
განათლება (+4.6% წ/წ, +0.24პპ);
სასტუმროები და რესტორნები (+6.0%, +0.19პპ);
კავშირგაბმულობა (-13.0% წ/წ, -0.48პპ);
ტრანსპორტი (-5.3% წ/წ, -0.64პპ).
ამასთან, თვიურ ჭრილში 2025 წლის ივნისში ფასების საერთო დონე არ შეცვლილა, რადგან ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს (+2.2% წ/წ, +0.14პპ) სექციაში ფასები ზრდა, თითქმის სრულად გაანეიტრალა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (-0.4% თ/თ, -0.15პპ) კატეგორიაში ფასების კლებამ.
ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.