
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ 315.507 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.2%-იანი (34.4 მლნ აშშ დოლარით მეტი) ზრდაა.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 140.2 მლნ აშშ დოლარით. წლიური ზრდის ტემპი კი 17.3%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივნისში, აშშ-დან 23.0%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 58.7 მლნ აშშ დოლარი შეადგენა.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, ივნისში წლიურად 15.9%-ით შემცირდა და 41.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, რომლიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
აშშ - 58.746 მლნ აშშ დოლარი;
იტალია - 51.634 მლნ აშშ დოლარი;
რუსეთი - 41.094 მლნ აშშ დოლარი;
გერმანია - 27.235 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი - 25.682 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი - 24.014 მლნ აშშ დოლარი;
ყირგიზეთი - 9.329 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი - 9.193 მლნ აშშ დოლარი;
ესპანეთი - 8.222 მლნ აშშ დოლარი;
ყაზახეთი - 6.796 მლნ აშშ დოლარი.
ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი (93.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივნისის (28.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8% მეტია.