ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კომპეტენტური ამერიკული ღვინის ჟურნალის „Wine Spectator“ მარტის ნომერში ქართულ ღვინოზე სამი სტატია დაიბეჭდა.
საქართველო ჟურნალის ყდაზეა წარმოდგენილი და ეთმობა ერთი სრული სარეკლამო გვერდი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ამერიკის სტრატეგიულ, ისე ღვინის გლობალურ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის. ჟურნალის ონლაინ ვერსია თებერვალში გახდა ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ჟურნალში ქართული ღვინის შესახებ სტატია, ბოლო 14 წლის განმავლობაში, პირველად დაიბეჭდა.
პირველი სტატია „საქართველო ყურადღების ცენტრში“, რომლის ავტორია ჟურნალის უფროსი რედაქტორი ჯეიმს მოლსვორთი, ქართული ღვინის მიმოხილვას მიეძღვნა. „ქართული ღვინოები ახალ ეტაპს გადიან. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, ღვინის სამშობლო 8000 წლიანი ღვინის კულტურით, ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდით სარგებლობს, ხოლო მისი ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ფართო ასორტიმენტი, გამორჩეული მეღვინეობის სტილი და გულიანი სამზარეულო ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის თავგადასავლების მოყვარულთათვის“, - აღნიშნულია სტატიაში. სტატიაში ასევე საუბარია EMMY-ის მფლობელი მრავალენოვანი სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონზე, სადაც ქართული ღვინო ყურადღების ცენტრშია. (https://www.winespectator.com/articles/shining-a-spotlight-on-the-wines-of-georgia-tasting-report-033126)
მეორე სტატია სათაურით „სუფრა“ ქართულ სუფრასა და გასტრონომიას მიეძღვნა. სტატიის ავტორი ჯულია ლარსონი ყურადღებას ამახვილებს ქართულ სამზარეულოსა და კერძებზე, ასევე, სუფრის ტრადიციაზე და მის კულტურულ მნიშვნელობაზე. (https://www.winespectator.com/articles/the-supra-feasting-the-georgian-way-033126 )
მესამე სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოების შეფასებები. ჯეიმს მოლსვორთმა დეგუსტაციისთვის 23 მწარმოებლის 56 ქართული ღვინო შეარჩია, საიდანაც უმაღლესი შეფასება - 93 ქულა „ხიხვი კახეთი 2023“-მა (ანდრის ღვინო) მიიღო. ჯამში, 18-მა ღვინომ Wine Spectator-ის 100-ქულიანი შეფასების სისტემიდან 90 ან მეტი ქულა მიიღო, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა. (https://www.winespectator.com/articles/alphabetical-guide-to-georgian-wine-033126 ).
„Wine Spectator“ 1976 წლიდან გამოდის და ამერიკული ღვინის მიმართულებისა და ცხოვრების სტილის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პოპულარულ გამოცემად მიიჩნევა ღვინის ენთუზიასტებსა და პროფესიონალებში. მისი ბეჭდური ტირაჟი 400 ათასს აღწევს, ხოლო ონლაინ გამოცემებისა და სხვადასხვა პლატფორმების ჩათვლით, მკითხველთა რაოდენობა 3 მილიონამდეა.