global distribution
გარე ავეჯი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 347.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის მეორე კვარტალში 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგოებრიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (37.1 პროცენტი), განათლება (28.9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.4 პროცენტი).

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.5 პროცენტი), მშენებლობა (-2.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0 პროცენტი).

უწყების ანგარიშით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.7პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.5 პროცენტი), მშენებლობა (7.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.8 პროცენტი), განათლება (6.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი).

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2025 წლის 14 ნოემბერს.

55