janmedi
ავერსი ნემო

მთავრობა მოდულურ სკოლებს ყიდულობს - აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 22.450 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით, ქარხნული მოდულური სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განთავსდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.

„მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.

მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.

მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას.

პროექტი ითვალისწინებს ექსპლუატაციისთვის მზა სასკოლო მოდულების შეძენასა და საჭიროების მიხედვით მათ ადგილზე მონტაჟს. შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურაც.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა - 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.

საკლასო ოთახის თითოეული მოდული გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები, ასევე სამეურნეო დანიშნულების ოთახები და შესაბამისი სანიტარული კვანძები.

მოდულების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება საჭიროების შესაბამისი ზომისა და დაგეგმარების ერთიანი სასკოლო სივრცის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი განსხვავებული კონფიგურაციითა და ორ სართულად განთავსებაც.

ყველა მოდული აღიჭურვება ელექტრომომარაგების, განათების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოდულური დროებითი ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი - კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა.

მსგავსი მოდულური დროებითი სასწავლო სივრცეების გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც დროებითი სასწავლო სივრცეების სწრაფად მოწყობის საჭიროება დგება“, - აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოდულები უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და ექსპლუატაციაში არმყოფი. მათი კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს მრავალჯერადი ტრანსპორტირების, მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობას. მოდულების მიწოდებისა და მონტაჟის არეალი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, კონკრეტული ლოკაციები კი შემსყიდველის წერილობითი დავალებით განისაზღვრება.

ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის გამოცდილების მოთხოვნაც არის განსაზღვრული. პრეტენდენტს ან საქონლის მწარმოებელს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე პერიოდში მსგავსი ტიპის მოდულების მიწოდების ან წარმოების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მოთხოვნილი გამოცდილების ჯამური ღირებულება არანაკლებ 90 000 ლარს უნდა შეადგენდეს, რაც მითითებული ღირებულების მხოლოდ 0.4%-ია, ასეთი მცირე მოცულობის გამოცდილება სავარაუდოდ მოთხოვნილია იმიტომ რომ მსგავსი ობიექტი აქამდე საქართველოში ფაქტობრივად არ განთავსებულა.

ტენდერის თანახმად, მიმწოდებელს საჭიროების შემთხვევაში წერილობითი დავალების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში არანაკლებ 200 მოდულის მიწოდებისა და მონტაჟის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

მოდულებისთვის განსაზღვრულია საგარანტიო ვადებიც, კერძოდ, კონსტრუქციისა და გარე შემოსვისთვის - არანაკლებ 10 წელი, საინჟინრო სისტემებისთვის - არანაკლებ 5 წელი, გათბობა-გაგრილების სისტემებისთვის კი - არანაკლებ 2 წელი. მოდულების ექსპლუატაციის მინიმალურ ვადად 10 წელია განსაზღვრული.

53