
2025 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია - ინფორმაციას თავად ტერმინალი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში 146 468 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 126 512, ანუ ზრდა 15.7%-ია.
ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 81 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74.
გაზრდილია ნაყარი ტვირთის მიღებაც: თუ კომპანიის მიერ წელს 82 369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა მხოლოდ 37 281 ტონა იყო.
კომპანია აღნიშნავს, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე (2022-2025წწ) პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.
მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია: 2022 წელი - 357,857 ტეუ, 2023 წელი - 592,589 ტეუ, 2024 წელი - 545,297 ტეუ, 2024 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა.