tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსის, ეკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები შედის.

მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, რეგულირების სააგენტოს უფრო დროული საქმიანობის, მუშაობის შესაძლებლობა ექნება.

„დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტი რეგულირების სააგენტოს განცხადებით, საჩივრით მომართავს, თუმცა სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72 საათის განმავლობაში რეგულირების სააგენტოში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს და ასევე მხარესაც მიაწოდოს. ეს, გარკვეულწილად, რეგულირების სააგენტოს დროულ, ოპერატიულ საქმიანობას აფერხებს, პაციენტის საჩივართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მიღების შემდეგ დროული რეაგირება გვექნება, უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რათა პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს და კმაყოფილი იყოს.

პაციენტი რეგულირების სააგენტოს საჩივრით როცა მომართავს, დაუყოვნებლივი რეაგირების საშუალება არ გვაქვს, რადგან სასამართლოს შუამდგომლობაა საჭირო. ცვლილებების შემდეგ რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება, მიმწოდებელ დაწესებულებას მიმართოს, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება მოახდინოს, ნებისმიერი მასალა ამოიღოს, იქნება ეს სამედიცინო დოკუმენტაციის დალუქვა, ექიმებისგან განმარტებების მიღება თუ ასე შემდეგ. ეს სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტიანს გახდის და, რაც მთავარია, პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც მათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ“, – განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

ეკა ბოჭორიშვილის თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებებით საჯარიმო სანქციების დაუყოვნებლივ აღსრულება მოხდება. მისივე თქმით, გაიზრდება საჯარიმო სანქციების მოცულობაც.

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულებები დიდ თანხებს როცა იღებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სახელმწიფო პროგრამების კონტროლი ხდება. ძალიან დიდი ჯარიმებია. გამომდინარე მუშაობის მოცულობიდან, დოკუმენტაციის წარმოებიდან, შესაძლოა, საჯარიმო სანქციის ამოღება 2-3-4 ან ხუთ წელს გახანგრძლივდეს. მხარე სასამართლოში შედის, ადმინისტრაციული საჩივრის დონეზე ჯერ რეგულირების სააგენტოში ასაჩივრებს, შემდეგ უკვე განხილვა ხდება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. ეს ყველაფერი დროში ხანგრძლივდება, შეიძლება 4-5 წელი გაგრძელდეს, რაც არაეფექტურია. ამიტომ საჯარიმო სანქციების დაუყოვნებლივ აღსრულება უნდა მოხდეს. შემდეგ თუ სასამართლო ნაწილობრივ მაინც გაამართლებს, ანგარიშსწორება შესაბამისად მოხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაიზრდება საჯარიმო სანქციები. მაგალითად, ნებისმიერი ამბულატორია ტექნიკური რეგლამენტის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ჯგუფი ტექნიკური რეგლამენტის პირობების შემოწმებისთვის როცა შედის, დღევანდელი კანონმდებლობით, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია 200-დან 500 ლარამდე იყო, რაც საერთოდ მიუღებელია. ტექნიკური რეგლამენტის პირობებშია სტერილიზაცია, დეზინფექცია, უამრავი მნიშვნელოვანი თემა, რაც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის მნიშვნელოვანია. დაწესებულებაში დეზინფექცია, სტერილიზაცია არასწორად თუ ხორციელდება, როგორ შეიძლება, პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. 200 და 500 ლარი იმდენად მიზერული საჯარიმო სანქცია იყო, რომ დაწესებულებას ყველანაირად უღირდა, ეს ჯარიმები გადაეხადა. ახლა საჯარიმო სანქციები გაიზრდება, 5 000 ლარი იქნება, რაც უფრო გონივრულია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს, როცა სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას მოახდენს, ელექტრონული ქვითრის ამოწერა ადგილზევე შეეძლება“, – განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

224