janmedi
ავერსი ნემო

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებები ჯამურად 481.3 მლნ ლარით იზრდება და 31.362 მლრდ ლარს შეადგენს.

როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ხარჯვითი ნაწილის ზრდა ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ერთი მხრივ, ფინანსდება ის პროგრამები, რომლებშიც წლის განმავლობაში ახალი საჭიროებები გამოიკვეთა, ხოლო მეორეს მხრივ, რესურსები წინასწარ გამოიყოფა იმ პროექტებისთვის, რომლებიც 2027 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, თუმცა მათი დაფინანსება მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა.

უფრო კონკრეტულად კი, საბიუჯეტო ცვლილებების დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის ბიუჯეტით დამატებითი დაფინანსება შემდეგ მსხვილ მიმართულებებზე გადანაწილდება:

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების კომპენსაცია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 50 მლნ ლარით. დამატებული თანხა მთლიანად გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურებისთვის.

სამელიორაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მისი მოვლა-შენახვის ხარჯები - აღნიშნული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყოფა 110 მლნ ლარი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, აღნიშნული თანხა წარმოადგენს 2027 წელს განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხას. აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებებით განსაზღვრული იყო 100 მლნ ლარი, რომელიც არ არის გათვალისწინებული 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში;

მყარი ნარჩენების მართვის ხარჯები - ამ მიმართულებით მომდევნო წლის ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყოფა 40 მლნ ლარი, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ამავე მიზნებისთვის გათვალისწინებული თანხა შემცირებულია 5 მლნ ლარით;

რთველი - მიმდინარე წლის რთველის დაფინანსების მიზნით დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი და ჯამურად აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხა შეადგენს 250 მლნ ლარს;

ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის დაფინანსება - კორპორაციისთვის გადასაცემად სამინისტროს გამოეყოფა 180 მლნ ლარი. 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ: „კორპორაცია გასული წლების განმავლობაში მუდმივად აფინანსებს მოსახლეობის მომარაგების მიზნით შესყიდულ და გაყიდულ ბუნებრივი აირის ფასებს შორის სხვაობას. წლების განმავლობაში ზემოაღნიშნული ხარჯიდან გამომდინარე კომპანიას არ აქვს სათანადო რესურსი მომდევნო წლის გაზაფხულზე სრულად დააფინანსოს ე.წ. ოფციური გაზის შესყიდვა, რომელიც წლის განმავლობაში უნდა განაწილდეს ბუნებრივი აირის მომხმარებლებზე“. კომპანიას სუბსიდიის სახით 80 მლნ ლარი გამოეყოფა, ხოლო დროებითი ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს მომდევნო წლის ბოლოს უნდა დაუბრუნდეს;

მთის კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარება - აღნიშნული მიზნით, მომდევნო წელს დაგეგმილი სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყოფა 82.1 მლნ ლარი. ამასთან, ამავე მიზნებისთვის გათვალისწინებული თანხა 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში მცირდება 22.1 მლნ ლარით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა - მშენებლობის დასაფინანსებლად გამოიყოფა 60 მლნ ლარი, რისი გათვალისწინებითაც ამავე პროგრამის დაფინანსება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული აღარ არის.
ანაკლიის პორტის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მშენებლობის გაგრძელების მიზნით გამოიყოფა 125 მლნ ლარი და შესაბამისად, ამავე პროგრამის დაფინანსება 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახული აღარ არის;

საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება - ეს მიმართულება ჯამურად იზრდება 21 მლნ ლარით და შეადგენს 1.559 მლრდ ლარს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზრდა ძირითადად დაკავშირებულია შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების დაფინანსებასთან. ამასთან, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტებს შორის თანხების გადანაწილება;

წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა - დაფინანსება იზრდება 505 მლნ ლარით და დამატებული თანხების ფარგლებში სამუშაოები განხორციელდება 2027 წლის განმავლობაში. ამასთან, ამავე პროგრამის დაფინანსება მომდევნო წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შემცირებულია 80 მლნ ლარით.

49