
რუსეთის სამოქალაქო სექტორები ეკონომიკის „მართვად გაგრილებას“ სულ უფრო მეტად გრძნობენ: ქვეყნის სამოქალაქო ეკონომიკა ზედიზედ მეხუთე თვეა, ეცემა. ამის შესახებ კრემლთან დაახლოებული მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის ანგარიშში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.
კერძოდ, ცენტრის შეფასებით, თუ სამხედრო წარმოება ზრდას განაგრძობს, დანარჩენი ინდუსტრიის კლება ნორმად იქცევა.
მართალია, წლის პირველ ნახევარში სამრეწველო წარმოება, „როსსტატის“ მონაცემებით, წლიურად 1.4%-ით, ივნისში კი 2%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს „მხოლოდ იმ სექტორების აქტივობით არის განპირობებული, რომლებშიც თავდაცვის წარმოება დომინანტურია”.
მათ გარეშე წლის დასაწყისიდან წარმოების შემცირება თვეში, საშუალოდ, 0.3%-ს შეადგენდა. ივნისში სამოქალაქო სექტორებში გამოშვების 99.1% გასული წლის წარმოებას უკავშირდებოდა, ხოლო წლიური თვალსაზრისით თებერვლიდან ის მინუსშია.
კერძოდ, სულ უფრო სწრაფად გრძელდება სამშენებლო მასალის წარმოების შემცირება, რაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან „საკმაოდ ინტენსიურად“ დაეცა: პირველ კვარტალში კლება თვეში, საშუალოდ, 1.2%-ს შეადგენდა, რაც მეორე კვარტალში თვეში 1.9%-მდე, ხოლო მხოლოდ ივნისში 2.1%-მდე დაჩქარდა. შედეგად სამშენებლო ინდუსტრიაში წარმოების აქტივობა, თითქმის, ხუთი წლის წინანდელ, ანუ კოვიდპანდემიური 2020 წლის ზაფხულის დონემდე დაეცა.
ასევე, სწრაფად ეცემა წარმოება საავტომობილო ინდუსტრიაშიც, რაც იანვარ-თებერვალში კოლაფსის, ანუ თვეში, საშუალოდ, 9.8%-იანი დაცემის შემდეგ კვლავ სწრაფად იკლებს. კერძოდ, მაისში რუსეთის ავტოწარმოება 11.5%-ით, ხოლო ივნისში 5.3%-ით შემცირდა. განსაკუთრებით სწრაფად საინვესტიციო ავტოწარმოება მცირდება: „როსსტატის“ მონაცემებით, სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების წარმოება ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ტიპის მიხედვით 23-37%-ით ნაკლები იყო, ხოლო სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება 9-14%-ით დაეცა.
მსუბუქი ავტომობილების წარმოება რუსეთში 2%-ით შემცირდა, თუმცა საწყობები გადატვირთულია. ექსპერტები გაუყიდავი ავტომობილების რაოდენობას 500 ათას ერთეულად აფასებენ, ხოლო წამყვანი ქარხნები, „ავტოვაზი“ და „გაზი“ 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ. იგივე გააკეთა სატვირთო ავტომობილების მთავარმა მწარმოებელმა „კამაზმაც.“
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკას, იმავე „როსსტატის“ მონაცემებით, სარეცხი მანქანებისა და ტელევიზორების წარმოება, თითქმის, 30%-ით, ხოლო მაცივრების 12%-ით შემცირდა.
ამასთან, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში ტანსაცმლის წარმოება 3%-ით, ტყავის ნაწარმის 16%-ით, ხოლო ფეხსაცმლის გამოშვება 29%-ით შემცირდა. ქვეყანაში ავეჯის წარმოება, თითქმის, 5%-ით დაეცა.