სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით 20.4 ლარით მეტია, თუმცა 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 4.5 ლარით ნაკლები.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენდა, ნოემბერში ეს ფასი 255.4 ლარი იყო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში – 230.5 ლარი.
რაც შეეხება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, ის 283.3 ლარია, ნოემბერში 288.4 ლარი, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260.3 ლარი.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა განსაზღვრავს კვების პროდუქტების ნორმატიულ რაოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და კალორიებს.