gorgia
ავერსი legi

ზემოქმედება, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე, დამოკიდებულია ამ შოკის, საომარი მოქმედებების და მასთან დაკავშირებული სირთულეების ხანგრძლივობაზე. ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზადაა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პასუხი ინფლაციურ შოკებზე არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.

„ზემოქმედება, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე, დამოკიდებულია ამ შოკის, საომარი მოქმედებების და მათთან დაკავშირებული სირთულეების ხანგრძლივობაზე. ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზადაა. ჩვენ გვაქვს გაკეთებული ჩვენი შიდა გათვლები, რომლიდანაც ჩვენი პოლიტიკის გადაწყვეტილებები მომდინარეობს ნავთობის ფასების დონესთან კორელაციაში. ძირითადი მაჩვენებელი ესაა, რაც მოქმედებს გლობალურ ეკონომიკაზე და არამხოლოდ საქართველოზე. თუმცა საქართველოზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს, რადგან ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა ვართ. ჩვენი პასუხი ზოგადად ინფლაციურ შოკებზე, ჩვენი ბერკეტი ესაა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შედარებით დაბალი ინფლაციური პერიოდები გვქონდა, გამომდინარე დიდი გაურკვევლობიდან რეგიონში, მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომიდან და სხვა რისკებიდან, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის რისკიდან, რომელიც ჩვენ წინასწარ გვქონდა ერთ-ერთ სცენარში ნავარაუდევი, ჩვენ შევხვდით ამ გამოწვევას ისედაც შედარებით გამკაცრებული პოლიტიკის განაკვეთით. 8%- ია ჩვენი პოლიტიკის განაკვეთი. მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ის შევინარჩუნეთ. ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი არის 7%. გვქონდა იმედი, რომ შემდგომში შემცირება შეგვეძლებოდა. თუმცა ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მსგავსად, ჯერჯერობით, ვართ მოლოდინის რეჟიმში და ვუყურებთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა ხანგრძლივობით იქნება გამოხატული შოკი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისად მზად ვართ იმისთვისაც, რომ ჩვენი პოლიტიკის გამკაცრება გავაკეთოთ, თუმცა დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. ზოგადად, საქართველოს ცენტრალური ბანკი იმითია ცნობილი ბოლო შოკების პერიოდში, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ასეც გაგრძელდება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

80