
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.790 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3 პროცენტით მეტია (2024 წლის 5 თვე - 8.642 მლრდ დოლარი). აქედან ექსპორტი 2.594 მლრდ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 14.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7.196 მლრდ დოლარს (გაიზარდა 12.8 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მაისში, 4.601 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (567.4 მლნ დოლარი), ყაზახეთი (330.6 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (282.3 მლნ დოლარი). ამასთან, საქსტატის ცნობით, ხუთეულშია რუსეთი (247.0 მლნ დოლარ) და სომხეთი (198.4 მლნ დოლარი).