
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მე-2 კვარტალში 580.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 12 პროცენტით ნაკლებია. აღნიშნულის სესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე განმარტებით, კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3 პროცენტია. ხოლო რეინვესტიციამ 466.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4 პროცენტით განისაზღვრა.
რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, 2025 წლის აპრილ-ივნისში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 54 მლნ. აშშ დოლარით (9.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). მთლიანობაში, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 327.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.2 პროცენტი შეადგინა.