
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით. 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 51.8 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდები 10.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩეხეთი 7.1 პროცენტით.
„სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2021 წელს 72.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი, 157 მლნ აშშ დოლარით,“-ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის ჯამური წინასწარი მონაცემების გარდა, გასული წლის მე-4 კვარტალის წინასწარი მონაცემებიც გამოაქვეყნა. მათი ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მე-4 კვარტალში 411.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„2021 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 325.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 79.1 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - 36 მლნ. აშშ დოლარით (8.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 21.9 მლნ. აშშ დოლარით (5.3 პროცენტი).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2021 წლის მე-4 კვარტალში 91.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორში განხორციელდა და 214.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.2 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 119.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 42.6 მლნ აშშ დოლარით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.