
საქართველოში საკვები პროდუქტებისა და სასმლის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში ქვეყანამ ჯამში 596.622 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი იყიდა, რაც 16-წლიანი რეკორდია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი 2009 წლიდანაა).
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საკვები პროდუქტებისა და სასმელების მეხუთედზე მეტი, 22% რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა - თურქეთი, სამეულს კი უკრაინა ხურავს.
საქართველო საკვების და სასმლის მეხუთედზე მეტს რუსეთში ყიდულობს.
5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი და სასმელი იყიდა:
რუსეთი - 133.817 მლნ დოლარი (წილი 22.4%)
თურქეთი - 79.430 მლნ დოლარი (წილი 13.3%)
უკრაინა - 37.129 მლნ დოლარი (წილი 6.2%)
ჩინეთი - 21.551 მლნ დოლარი (წილი 3.6%)
საფრანგეთი - 21.157 მლნ დოლარი (წილი 3.5%)
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საკვებსა და სასმელზე მთლიანი იმპორტის 10% მოდის. 2025 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში მთლიანმა იმპორტმა 5.741 მლრდ დოლარს გადააჭარბა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქედან 596.622 მლნ დოლარის სწორედ საკვები და სასმელი შემოვიდა.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 902.166 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, აქედან 389 მლნ დოლარის, ანუ 43%-ზე მეტი საკვები და სასმელი იყო. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი, იმპორტის ანალოგიურად, რუსეთი იყო. - 165.266 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე 23.117 მლნ დოლარის ადგილობრივი ექსპორტით უკრაინაა, სამეულშია ყაზახეთი, სადაც წელს ოთხ თვეში 22.762 მლნ დოლარის ღირებულების ქართული საკვები და სასმელი გავიდა.