
საქართველოში უმუშევრობის დონე მინიმუმამდე შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა.
2024 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
2024 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4 პროცენტული პუნქტით.
წინა წელთან შედარებით 2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, შესაბამისად 5.6, 5.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.2 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ინფორმაციით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.2 პროცენტს შეადგენდა.წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.8 და 2.3 პროცენტული პუნქტით.
2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (36.3 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (4.2 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.