jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 საპენსიო სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის ხაზინას შორის 2023-2024 წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისა და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ საპენსიო სააგენტო შეუერთდა მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის (RAMP) პროგრამას, რომლის წევრიც მსოფლიოს 70-ზე მეტი საჯარო აქტივების მმართველი ორგანიზაციაა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საპენსიო სააგენტო მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას მსოფლიო ბანკის ხაზინიდან ინვესტიციების მართვის საკითხებში, მათ შორის მმართველობით, პორტფელისა და რისკის მართვის, აქტივების განთავსების სტრატეგიისა და საინვესტიციო საოპერაციო მიმართულებით. RAMP-ის წევრები არიან ცენტრალური ბანკები, სუვერენული საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოდან 2009 წლის შემდეგ RAMP-ის წევრია საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საპენსიო სააგენტო მეორე ორგანიზაცია გახდა საქართველოდან, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში გაწევრიანდა.

„მსურს, მივესალმო საპენსიო სააგენტოს და მივულოცო RAMP პროგრამაში გაწევრიანება. ჩვენთვის პატივია, რომ გვაქვს მათი ნდობა და საპენსიო სააგენტო მონაწილეობას იღებს საჯარო აქტივების მმართველების ამ გლობალურ გაერთიანებაში. მოუთმენლად ველოდებით საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობას და აქტივების მართვის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების მათთვის გაზიარებას“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ხორხე ფამილიარმა.

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით საპენსიო სააგენტო მიიღებს უნიკალურ მხარდაჭერას მსოფლიო ბანკის ხაზინიდან ინვესტიციების მართვის პროცესების დახვეწის მიზნით.

„მოხარული ვარ, რომ საპენსიო სააგენტო უერთდება მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამას, რითაც ვხდებით 70-ზე მეტი საჯარო აქტივების მმართველი ორგანიზაციისგან შემდგარი გლობალურ პარტნიორობის წევრი. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით საპენსიო სააგენტო მიიღებს უნიკალურ მხარდაჭერას მსოფლიო ბანკის ხაზინიდან ინვესტიციების მართვის პროცესების დახვეწის მიზნით. მსოფლიო ბანკის გამოცდილება საჯარო აქტივების მართვის მიმართულებით დაგვეხმარება საპენსიო სააგენტოს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში და მოუთმენლად ველით პროგრამაში აქტიურად ჩართვას“, – განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

120